სამართალი
ჭიათურელი მაღაროელები შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცნენ

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი დამსაქმებლის, „ჯორჯიან მანგანეზის“ შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას და სამუშაო დღეების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით ამუშავებს, თუმცა 12-საათიანი გრაფიკის გეგმებს უსახავს.

ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ დამსაქმებელი 5 თვის წინ დაპირდა ახალ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას, თუმცა დაპირება არ შეასრულა.

კიდევ ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ 28 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე კომპანიამ პირობა დადო, რომ 12-საათიან გრაფიკზე გადავიდოდნენ, თუმცა ხელფასში შეუსაბამობა იყო. მაშინ, როცა 12-საათიანი გრაფიკის ანაზღაურება 164 ლარია, ისევე როგორც იმ მაღაროელებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ 12-საათიან ცვლაში, გაფიცულებს 155 ლარი შესთავაზეს, რაც 9 ლარით ნაკლებია. მაღაროელების თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შეთანხმება ვერ მოხერხდა.