სამართალი
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი შეემატა

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. შიდა უთანხმოების ფონზე, საქართველოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტსაბჭოში მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი შეემატა, რომელთა უმეტესობაც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის წევრია. ამავდროულად, პარტიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტსაბჭოს კარი ღიაა ძველი პოლიტსაბჭოს ნებისმიერი წევრისთვის იმ პირობით, რომ ისინი ხელს მოაწერენ ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტს.

პარალელურად, პარტიის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა რეგიონული საკრებულოს წევრები მისი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ხაბეიშვილის ოპონენტები მას პარტიაში არსებულ კრიზისსა და პარტიის „დანგრევასა და დასუსტებაში“ ადანაშაულებენ.

უკმაყოფილო წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხაბეიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში, პარტიის შანსებს 2024 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე საფრთხე შაეექმნება.

პარალელურად, უთანხმოება გამოიწვია პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხმაც. ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მელია აღარ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ნიკა მელია არ იზიარებს 23 ნოემბრის მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიამ და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა მანიფესტის ხელმოწერისგან თავი შეიკავეს. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მელიამ პარტიიდან წასვლა თავად გადაწყვიტა და დასძინა: მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. […] ის არ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში. ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია ნიკა მელიას დააბრუნებს უკან და რომ ის თავად მზადაა თანამშრომლობისთვის, თუ ხვალ ნიკა მელია იტყვის, რომ ის აპირებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და ის მორჩება ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას და ტალახის სროლას.