როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ლიტვის საელჩოს დაფინანსებით ზუგდიდის რაიონის ენგურსგაღმა სოფელ განმუხურში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზურმა შერეულმა ოჯახებმა“ (ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი) მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეზობლები და ნათესავები ენგურსგაღმა და ენგურსგამოღმა სოფლებიდან. „ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხია კონფლიქტის მოგვარება და ამ საკითხში შერეული ოჯახების, მათი წარმომადგენლების როლი და მნიშვნელობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია ეკონომიკური საკითხების მოგვარება, ანუ მცირე ბიზნესის განვითარება“, – აღნიშნა რეზო ბენდელიანმა. მისი თქმით, ენგურისპირა სოფლებში უნდა გაიხსნას მცირე ბაზრობები, სავაჭრო ობიექტები, სადაც ქართველებსა და აფხაზებს ერთად შეეძლებათ ბიზნესსაქმიანობაში ჩართვა.
საქინფორმი