საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ოთხი ფოტოგრაფის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის საჯაროობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ „მცირე“ მტკიცებულებებს ეხება.
„კერძოდ, საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლოს სხდომებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
„პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია“, – აცხადებს პროკურატურა.ზურაბ ქურციკიძე – ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე – დასავლურ მედიასააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე – პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ფოტოგრაფების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადეს, რომლის წინასწარი სასამართლო მოსმენა 2011 წლის 1 სექტემბერს არის დაგეგმილი.
შსს აცხადებს, რომ ქურციკიძე „დიდი ხნის აგენტია“, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვას გედენიძისა და აბდალაძის დახმარებით მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გადასცემდა.
ქურციკიძე და აბდალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობენ; გედენიძემ სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა. გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმ თაიმის“ ფოტოგრაფი, დანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.
ამ საქმის გამჭვირვალე განხილვისაკენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-მ და მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდეს. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მის საჯაროობას ითხოვენ ჟურნალისტ აქტივისტთა და ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფებიც, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ამ მოთხოვნით მთელი რიგი აქციები მოაწყვეს.
საქინფორმი