საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. 29 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოადგილეების დონეზე საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს. „გენერალურმა მდივანმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მეშვეობით, ინფორმაცია მიაწოდოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პირველად აღინიშნა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ – რითაც ევროპის საბჭომ „ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას“. ამავე ინფორმაციით, მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა „მწუხარება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ და წინა შემთხვევებში მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების მნიშვნელობას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას“, – აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას „მხარდამჭერი განცხადებები“ გააკეთეს ევროკავშირის წევრმა და ოცამდე არაწევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველოს მეზობლებმა – სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა.
ევროკავშირმა კონსოლიდირებულ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის მიმართ, „რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან და კვლავ ადასტურებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას. საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ევროკავშირი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არავითარი ძალისხმევა არ განხორციელებულა არც ამ მოწოდებების საპასუხოდ და არც მინისტრთა კომიტეტის წინა გადაწყვეტილებების შესასრულებლად“.
ევროკავშირის განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან-მარინო და უკრაინა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ 15 ნოემბერს გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არასახარბიელოა. დოკუმენტის თანახმად, ადგილზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე კოვიდ-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამაც მოახდინა გავლენა.
გენერალური მდივანი კვლავ ითხოვს კონსოლიდირებული ანგარიშების მოსამზადებლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ფაქტების დამდგენი ვიზიტების უზრუნველყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამდივნოს ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიში პერიოდში ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე ცალმხრივი შეზღუდვები კვლავაც ახდენდა გავლენას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე. კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, „ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გაგრძელებამ და მათმა მოუგვარებლობამ – რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 4 600-ზე მეტ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოერთვა ქართულ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება – ხელი შეუწყო მზარდი გაუცხოებისა და გაურკვეველი მომავლის განცდას“.
„არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის საქმეში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრესი ვერ იქნა მიღწეული არც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის, და არც ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში.
საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის “უკანონო ქმედებები, მათ შორის ღობეების აღმართვა და სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება.
საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. საანგარიში პერიოდში IPRM-ის შეხვედრები არ გამართულა. მისი განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს როგორც საერთაშორისო აქტორებმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მომუშავე ცხელი ხაზი.
დელეგაცია იტყობინება, რომ საოკუპაციო ხაზზე რეგულარული გადაადგილების მიუხედავად, გამოწვევები რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ენგურზე მთავარი „გამშვები პუნქტი“ პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ყოველდღიურად 2500 გადაკვეთით, შეფერხებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით „უცხოელთა ბინადრობის ნებართვები“, აფერხებს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას.
უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული ინციდენტები კვლავ დაფიქსირდა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ირაკლი ბებუას საქმის გამო, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან უკანონო ცხრა-წლიან პატიმრობაში იმყოფება. ასევე გაესვა ხაზი ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის უკანონო დაკავებებს 2022 წლიდან. საქართველო დაჟინებით ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ენის მუდმივ დისკრიმინაციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება მკაცრად შეზღუდულია, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმობს.
საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი იყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის დახმარებით.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შედარებით სტაბილური იყო, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზეც. მიუხედავად ამ სტაბილურობისა, მაინც ჰქონდა ადგილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, განსაკუთრებით დაკავებებს. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა სოფელ ჭვრინისთან ორი ადგილობრივი მოსახლის დაკავების მცდელობის შესახებ, რა დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელმა ხაზმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაში.
მართალია საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არანაირი თავდასხმა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია მაინც მოუგვარებელი რჩებოდა და ხელს უწყობდა დაძაბულობას. ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები გრძელდებოდა. შეშფოთებას იწვევდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებაზე. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ 25 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული აქტივობა მოიცავდა სადამკვირვებლო პოსტების, ასევე ახალი ღობეებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟს.
ანგარიშის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზზე კვლავ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ „გამშვები პუნქტების“ დროებითი გახსნა ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში კვლავ ძალაშია.
საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის „გამშვები პუნქტების“ გადაკვეთისთვის საჭირო „ნებართვები“ კვლავ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა ახალგორის რაიონის შვიდივე სკოლაში ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით. კვლავ არსებობს წუხილები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ დაფიქსირებულა.