პოლიტიკა
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში ჩართვა სურთ

vibori5ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ინტერპარტიულ სარედაქციო ჯგუფს პროცესის გამჭვირვალობისაკენ, მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვისა და ამომრჩეველთა ინტერესების ამსახველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

13 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავენ, რომ გამჭვირვალობა „გაზრდის საზოგადოების ნდობის ხარისხს ამ პროცესის მიმართ“.

ეს ორგანიზაციები „დაუბრკოლებლად“ ესწრებოდნენ ნოემბერ-მარტში საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ფორმატის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების ინდივიდუალურ რეჟიმში გადასვლის შემდეგ ისინი პროცესს გამოეთიშნენ.

ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მმართველი პარტიის შემოთავაზებულ წინადადებებს რამდენიმე პარტია დათანხმდა, მათ შორის, ორი „ოპოზიციური რვიანიდან“, რომლის ექვსმა სუბიექტმა უარი თქვა შეთანხმებასთან შეერთებაზე. შეთანხმებაში ასახული ინიციატივები სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს როგორც „არასაკმარისი“.

შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მიზნით ხელმომწერი პარტიების მონაწილეობით შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც პირველი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 8 ივლისს გამართა, ხოლო მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში დაგეგმა.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „საზოგადოებისათვის უცნობია აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი“.

„ჩვენ მზად ვართ, კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლოთ პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საქინფორმი