უცხოეთი
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა"

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, მიიღო არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. „მედიაზონის“ ინფორმაციით, სარჩელი ბრალდებულის გარეშე განიხილებოდა, სასამართლოს სხდომაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დახურულ კარს მიღმა სხდომა ოთხ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მიიწვიეს. სარჩელი განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ნეფედოვმა. გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

სარჩელის შეტანის დროს არავითარი "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" არ არსებობდა. LGBT არის აბრევიატურა სიტყვებისა "ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები"; გამოიყენება ისეთი აბრევიატურებიც, როგორებიცაა: LGBTQ (იგივე queer), LGBT+ და ა.შ. უფლებადამცველები შიშობენ, რომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვა მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანებისა და ასევე მათი უფლებების დამცველი აქტივისტების შემდგომ რეპრესიებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტიფიკაციისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სასამართლოს ვერდიქტი "არ იმოქმედებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და არ გამოიწვევს რაიმე უარყოფით სამართლებრივ შედეგებს".

ერთადერთი შეზღუდვა „უკავშირდება ლგბტ პროპაგანდას, მის რეკლამირებას, ინტერესის ფორმირების აკრძალვის აუცილებლობას, ლგბტ მოძრაობაში ჩართვას." იმავდროულად, რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს მისი სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვას. არასასურველი ორგანიზაციის ნებისმიერი არაუარყოფითი შეფასება კი შეიძლება განიმარტოს, როგორც ექსტრემიზმის გამართლება ან ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდება.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ სარჩელი უზენაეს სასამართლოში 17 ნოემბერს შეიტანა. ამას წინ უძღოდა ლგბტ ადამიანების მიმართ არაერთი რეპრესიული კანონის მიღება, მათ შორის ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტრანსგენდერული გადასვლის დე ფაქტო აკრძალვა და დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის აკრძალვა.

იუსტიციის სამინისტროს სარჩელის შემდეგ, უფლებადამცველებმა, რომლებიც ქვიარ ადამიანებს ეხმარებოდნენ, ემიგრაციის საკითხზე ბევრჯერ მეტი მიმართვა მიიღეს, - წერს „სააგენტო“. იურისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სარჩელის დაკმაყოფილება რუსეთიდან წასული ადამიანების ნაკადს გაზრდის. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანას დატოვებენ არა მხოლოდ ლგბტ პირები, არამედ ისინიც, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების ასეთ პოლიტიკას.

radiotavisupleba.ge