გაზეთი "ალ მოდონი", ლიბანი
15.11.2023
ალ მოდონი წერს, რომ ჯო ბაიდენი ისრაელის მხარდაჭერისთვის დიდი ფასის გადახდას რისკავს. გამოკითხვების თანახმად, არაბ ამერიკელებში მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატიის ავტორი მიიჩნევს რომ, ღაზაში მიმდინარე მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატებზე აუცილებლად იმოქმედებს.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის აბსოლუტური მხარდაჭერისთვის რა ფასს გადაიხდის? ამ კითხვას საარჩევნო კამპანიის მენეჯერები და თანამდებობის პირები უკვე ხმამაღლა სვამენ. პრესტიჟული კვლევითი ცენტრებისა და მედიის მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ იმ საარჩევნო ალიანსში რომელმაც ბაიდენი თეთრ სახლში 2020 წელს მიიყვანა, დღეს განხეთქილებაა. ეს ყველაფერი მხოლოდ საპრეზიდენტო რბოლაზე არ აისახება. დემოკრატიული პარტია სავარაუდოდ უმრავლესობას სენატში და შესაბამისად კონტროლს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე დაკარგავს.
ისრაელის ბარბაროსული აგრესია ღაზას სექტორის წინააღმდეგ გრძელდება. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია თელ-ავივისთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაზე ჯიუტად უარს ამბობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სამოქალაქო ობიექტების სასტიკი დაბომბვის გამო ყოველდღიურად ასობით პალესტინელი სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები, იხოცებიან. ამერიკული "საჰაერო ხიდი" ისრაელისთვის სასიკვდილო იარაღისა და თანამედროვე საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობს. ამავდროულად, ათასობით ადამიანი ამერიკის ქალაქებში აქციებზე გამოდის. შაბათს, სოლიდარობის ყველაზე დიდი მარში ვაშინგტონში გაიმართა. მას 300 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ათასობით დემონსტრანტი ნიუ-იორკის ცენტრში შეიკრიბა. მათი უმრავლესობა ამერიკელი ებრაელია. დემონსტრაციებზე აღმართული პოლიტიკური ბანერები მკაფიო გზავნილს შეიცავენ:" ჩვენ ამას [ისრაელის მხარდაჭერას] ნოემბერში [არჩევნების თვეში] შეგახსენებთ"ან" ჩვენ აქ ვართ... ჩვენ ხმას ვაძლევთ " და " ჩვენი ხმა ჩვენი ძალაა."
ამ მოვლენების მნიშვნელობა დემოკრატიულმა პარტიამ და ბაიდენის გუნდმა უნდა შეაფასონ და გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოპულარობა სწრაფად ეცემა. არაბული ამერიკული ინსტიტუტის (AAI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არაბული წარმოშობის ამომრჩეველთა მხოლოდ 17% მზად არის ხმა მისცეს ბაიდენს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 57% იყო. ბაიდენის პოლიტიკის მხარდაჭერის რეიტინგი 29% - მდე შემცირდა (2020 წელს 74%). სამი წლის განმავლობაში, არაბი ამერიკელებს შორის დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა 68% - დან 23% - მდე შემცირდა. საინტერესო ფაქტი: დემოკრატები, რომლებმაც ამ პარტიის რიგები დატოვეს, რესპუბლიკურ პარტიას არ შეუერთდნენ და თავი დამოუკიდებელ წარმომადგენლებად გამოაცხადეს. ეს მაჩვენებლები ბაიდენის გუნდისთვის "უზარმაზარი თავის ტკივილი" იქნება, რადგან 2020 წელს მან მიჩიგანში, პენსილვანიასა და არიზონაში გამარჯვება მხოლოდ მცირე სხვაობით შეძლო (ხმების 1% - ზე ნაკლებით).
ასეთი ცვლილებები მხოლოდ არაბი წარმოშობის ამერიკელებში არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იმ ახალგაზრდებზე, შავკანიანებსა და აზიელებზე მოქმედებს, რომლებიც სოლიდარობას პალესტინელ ხალხს უცხადებენ და დემოკრატების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. (PBS) ქსელის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ბაიდენის მეორე ვადით ხელახლა არჩევას საფრთხეს უქმნის. პირველი "თაობათა პრობლემაა". 60 წელს გადაცილებულთა 86% მხარს ისრაელს უჭერს. 30 წლამდე ასაკის პირებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 48% - ია. მეორე ასპექტი ეთნიკურია. თეთრების 72% მხარს თელ-ავივს უჭერს, სხვა რასის ადამიანების 51% - თან შედარებით. ბაიდენის კეთილგანწყობის რეიტინგი მკვეთრად იმ შავკანიან ამომრჩევლებშიც დაეცა, რომლებიც ალ-აქსას წყალდიდობამდეც კი უკმაყოფილო იყვნენ მისი შიდა პოლიტიკით. მისი მმართველობის დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები აფროამერიკელი ოჯახების რაოდენობა გაორმაგდა. ისინი უკმაყოფილები იმით არიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამო არ ზრუნავს მათ საჭიროებებზე და ამავე დროს ათეულ მილიარდ დოლარს ურიგებს უკრაინასა და ისრაელს.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ბაიდენმა თავისი საარჩევნო სტრატეგია არასწორად გათვალა. ნეთანიაჰუსა და სიონისტებისადმი მხარდაჭერით აშშ-ს პრეზიდენტი იმ ამერიკელი ებრაელების მხარდაჭერის დაბრუნებას ცდილობს, რომლებმაც 2016 და 2020 წლის არჩევნებში ხმა ტრამპს მისცეს. მან ისრაელის მხარდამჭერებსა და დემოკრატიულ პარტიას შორის ალიანსი გააძლიერა. ბაიდენმა მაქსიმუმი გააკეთა. ის თელ-ავივში ნეთანიაჰუსთან ჩასახუტებლად გაემგზავრა, არა და ბევრი ამერიკელი ებრაელი ნეტანიაჰუში ისრაელის არსებობის რეალურ საფრთხეს ხედავენ, რადგან მან ულტრამემარჯვენე ფაშისტებსა და რელიგიურ ფანატიკოსებს ხელები გაუხსნა. ბაიდენმა ფსონი ისრაელის შეიარაღებული ზალების წარმატებაზე გააკეთა. თუმცა ღაზას სიმტკიცემ და ისრაელის დანაშაულების სისასტიკემ, რომლის გამართლება ან ახსნა მედიას აღარ შეუძლია, ზომიერ და ლიბერალურ ამერიკელ ებრაელებს შორის განხეთქილება გააძლიერა. გარდა ამისა, მომავალ წელს დემოკრატებს გადამწყვეტი არჩევნები ელოდება - ბრძოლა სენატში უმრავლესობისთვის. დასავლეთ ვირჯინიაში მათ სირთულეები შეექმნებათ .
ლიბერალური გამოცემა The Nation–ის იურიდიული მიმომხილველი ელი მისტალი აცხადებს: "ბაიდენი რისკავს შევიდეს ისტორიაში, როგორც კოლონიზაციის მომხრე პრეზიდენტი, როგორც ის, ვინც ეთნიკურ წმენდასა და ომის დანაშაულებზე თვალს ხუჭავს - ამ იარლიყების მოშორება ფერად საზოგადოებაში ფესვების გადგმის შემდეგ, რთული იქნება. ისინი მხარს არ დაუჭერენ იმ პრეზიდენტს, რომელიც გვერდზე გადადგა იმ დროს, როცა დაჩაგრული ხალხი ალყაში მოაქციეს, აშიმშილეს და დაბომბეს... ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც ახლა ბაიდენი კარგავს. და თუ ის მათ დაკარგავს, უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებს."
ავტორი: მუჰამედ ალ-აზირი (محمد الععير)