სამართალი
პოლიტიკოსები 2024 წლის არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები მეტი ქართველის მოზიდვას ცდილობენ

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და, ცალკე, ორი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ განაცხადეს, რომ საარჩევნო ყუთებთან საზღვარგარეთ მცხოვრები მეტი ქართველის მიყვანას გეგმავენ.

2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 2010-2020 წლებში 860 ათასი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 23% ემიგრაციაში წავიდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს 125 269 მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროევროპული აქტორები მათი ხმების მოპოვებას იმედოვნებენ.

27 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა: ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათაც უნდა დაინახონ და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანაც დამოკიდებულია მათ ჩართულობაზე – პოლიტიკურ ჩართულობაზე; არ შეიძლება უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს-ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ იმ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“.

ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს საკონსულოებში არსებულ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ. ეს ხშირად ნიშნავს ხანგრძლივ მგზავრობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქში ან დიდ ქალაქში. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ხმის მიცემა.

ამ პრობლების მოსაგვარებლად, 28 ნოემბერს პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ გამოაცხადეს კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ და მოუწოდეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის. მათ სურთ ისარგებლონ საარჩევნო კოდექსის დებულებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ყუთების გახსნას იმ ადგილებში, სადაც საქართველოს სულ მცირე ორმოცდაათი მოქალაქე ითხოვს ხმის მიცემას. პარტიები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებენ შევიდნენ სპეციალურ ვებგვერდზე, მიუთითონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია და მოითხოვონ საარჩევნო ყუთის გახსნა თავიანთ ტერიტორიაზე.