მამუკა ღლონტი მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოდის
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, საჭიროა, მედია ორგანიზაციულად გაერთიანდეს, რათა მისი წარმომადგენლების პოზიციები ხელისუფლების მიერ ანგარიშგასაწევი გახდეს. თუმცა თავად ინიციატორი იდეის მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი, რადგან, მისი თქმით, მედია სხვადასხვა სეგმენტად არის დაყოფილი. „საქართველოში იყო მცდელობები, რომ პიროვნულად გაერთიანებულიყვნენ ჟურნალისტები, თუმცა ასეთი პიროვნული გაერთიანებები ხელისუფლებისთვის დიდ წინააღმდეგობას ვერ წარმოადგენს. ეს ხდება იმიტომ, რომ კონკრეტულ პრობლემაზე პროტესტს ჟურნალისტების კონკრეტული ჯგუფი აცხადებს, ამიტომ დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ მედია უნდა გაერთიანდეს ორგანიზაციულად, ორგანიზაციულად გამოხატოს პროტესტი, ორგანიზებულად გაიფიცოს და დაიცვას ერთმანეთი. ამ შემთხვევაში მედია სერიოზული ძალა გახდება“, – აცხადებს ღლონტი.
მისივე თქმით, მედიის ასეთი მასშტაბური პროტესტი უფრო ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლების მიერ. ასევე, ორგანიზებული პროტესტი გაცილებით ეფექტიანი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით.
საქინფორმი