სამართალი
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას სამონადირეო მეურნეობის 49-წლიანი ლიცენზია გაუუქმა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 28 ნოემბერს რაჭის ტყის 104 712 ჰექტარ ფართობზე დავით ხიდაშელის კომპანია შპს HG Capra Caucasica-ს სამონადირეო მეურნეობის 49-წლიანი ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. სააგენტომ აღნიშნა, რომ „სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა“.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს HG Capra Caucasica-ს დაავალა, 25 მარტამდე წარედგინა ზურმუხტის ქსელზე სამონადირეო მეურნეობის ზემოქმედების შესახებ ანგარიში და მართვის გეგმა. კომპანიამ მითითება ვერ შეასრულა, რის გამოც მაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. თუმცა, 24 ივლისს ამბროლაურის სასამართლომ საქმე შეწყვიტა. დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 27 ივლისს გაასაჩივრა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესრელიზის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების პროცესის ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, – განაცხადა სააგენტომ.

2023 წლის 27 სექტემბრიდან, აღნიშნული 49-წლიანი ლიცენზიის წინააღმდეგ ინტენსიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში ნოემბერში ჩამოვიდნენ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის დავით ხიდაშელის სატყეო მეურნეობის 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლიცენზია სათანადო საჯარო კონსულტაციის გარეშე გაიცა. ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირებას 3 ნოემბრიდან ითხოვენ.