აქტუალური
ირაკლი კობახიძე: 12 პრიორიტეტის შესრულებისას მარტო ვმუშაობდით და ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ალბათ ისევ მარტო მოგვიწევს მუშაობა, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ინკლუზიურობას ითვალისწინებს თავად სამოქმედო გეგმა, თითოეული პუნქტი არის გაწერილი სწორედ ამ სულისკვეთებით და მითითებულია, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდა არაერთხელ გააკეთა მიმართვა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ პროცესებში ჩაერთონ.

ჩვენ შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ არაერთგზის, როგორც პარტიების მიმართ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არ ჩაერთვებიან არც ამ ცხრა პუნქტის შესრულებაში. მაინც წაიწევს ჩვენი ქვეყანა წინ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის იმედი არ აქვს, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვებიან.

12 პრიორიტეტი შევასრულეთ, მარტო ვმუშაობდით და ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, მუშაობა ალბათ კიდევ მარტო მოგვიწევს. ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს, სამწუხაროდ, წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება, მაინც გადავალთ შემდეგ ეტაპზე. შესრულდება ცხრა პრიორიტეტი, როგორც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებას და მივაღწევთ შემდეგ ეტაპზე გადასვლას. დღეს ან ხვალ გასაჯაროვდება დოკუმენტი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გააფორმა მემორანდუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმასთან“, რომელშიც არის წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია. უკვე შედგა მასშტაბური შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, პლატფორმის წარმომადგენლებთან და, არსებითად, ამ ფორმატში გაგრძელდება თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. უკვე გაფორმებულია მემორანდუმი ამ სფეროში“, – განაცხადა კობახიძემ.