საზოგადოება
„ალია ჰოლდინგის“ წარმომადგენლების განმარტებით, ფოტორეპორტიორების სოლიდარობის მიზნით პერმანენტული აქციები გაგრძელდება. მორიგი აქცია კი დღეს, 17:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება.
გარდა ამისა, სამივე დაკავებულის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება.
„როგორც მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, პრაქტიკულად, უშედეგოდ დასრულდა. საქმეს არ მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ და დაკავებულები თავდებით გათავისუფლებულნი არ არიან. შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, – აცხადებენ „ალია ჰოლდინგში“.შეგახსენებთ, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ქართველი ჟურნალისტები გუშინ შეხვდნენ. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ესწრებოდნენ.
საქინფორმი