სამართალი
ვანო მერაბიშვილი: „ეს არ არის ისტერია – ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები“

vano-merabishvili_6„როიტერის“ ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენების საჯარო იქნება (95%), გარდა იმ ნაწილისა, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების განხილვა მოხდება.

„ეს არ არის ისტერია. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ რუსული საიდუმლო სამსახურები ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებენ. ერთ ცალკეულ შემთხვევასაც კი, რომელიც სერიოზული მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, შეუძლია, ზიანი მიაყენოს საქართველოსა და მის ხელისუფლებას. ასე რომ, ნამდვილად სულელურია მოსაზრება, თითქოს ჩვენ ფოტოგრაფები მათი საქმიანობის გამო, თუნდაც, 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დავსაჯეთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქურციკიძეს 2004 წლიდან კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან, კერძოდ კი, ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან. ამ ორი პიროვნების ვინაობა საქართველოში პირველად 2006 წელს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველომ რუსეთის ოთხი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯაშუშური ქსელის კოორდინაცია საქართველოს გარედან ხდებოდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერ ანატოლი სინიცინის მიერ.

მერაბიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ქურციკიძემ 2004 წლის შემდეგ ათობით სატელეფონო კონტაქტი განახორციელა რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან.

შს მინისტრის თქმით, გამოძიებას არანაირი „პრეტენზია“ არ აქვს სააგენტო „EPA“-ს (სადაც ზურაბ ქურციკიძე მუშაობდა), ან ამ სააგენტოს რომელიმე სხვა თანამშრომლის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ სააგენტოს ფოტოგრაფების საქმესთან საერთო არაფერი აქვს.

მინისტრმა უარყო საქართველოში რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული „ისტერიის“ შესახებ გამოთქმული ბრალდებები და მიუთითა, რომ ორიოდ კვირის წინათ საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით გადაწყვეტენ.

საქინფორმი