აქტუალური
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სომხური წარმომავლობის წევრები ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სომხური წარმომავლობის წევრები ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის სომხური წარმოშობის დეპუტატებმა, აშოტ მინოსიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა, ერიკ რშტუნიმ, ლევონ გალუსტიანმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება არის დემარში აფხაზეთის წინააღმდეგ.

შევახსენებთ ბატონ ფაშინიანს, რომ დამოუკიდებელ აფსნიში 42 ათასი სომეხი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს და მკვიდრებმა შექმნეს ყველა პირობა ჩვენი მშობლიური ენის შესასწავლად, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ჩვენ ამაყად ვუწოდებთ აფხაზეთს ჩვენს სამშობლოს. უკვე 30 წელია, ჩვენი მრავალეროვნული ხალხი აშენებს საკუთარ სახელმწიფოს და, ფაშინიანისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის არჩევანს ეჭვქვეშ დააყენებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.