საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №114/ნ 2011 წლის 29 ივნისის ბრძანებით, მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადასვლა (მობილობა) წლის განმავლობაში ორჯერ – ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე, ხორციელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ 13 ივლისს ბრიფინგი გამართა და პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.მობილობის უფლება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს აქვს. დადგენილი წესის შესრულებაზე პასუხისმგებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორია. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია, მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადაყვანა დადგენილი ვადებიდან განსხვავებულ პერიოდში განახორციელოს.
მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე სკოლას უფლება აქვს, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს, რამდენად შეესაბამება მოსწავლის ცოდნა და უნარები კონკრეტულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ დონეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მოსწავლეთა მობილობის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე და სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
საქინფორმი