საზოგადოება
თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - სად მოქმედებს შეზღუდვები

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგენილია.

კერძოდ, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

უამინდობის გამო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.