აქტუალური
დანიელ ლორერი: ევროკავშირს ერთადერთი პასუხი სამხედრო აგრესიაზე არის პოლიტიკური გაფართოება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. მხარს ვუჭერთ საქართველოს ბრძოლას, შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დანიელ ლორერმა განაცხადა.

დანიელ ლორერის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ძალიან მარტივ რამეს ვეტყოდი ყველა ქართველ მეგობარ ხალხს – ბულგარეთში ჩვენ გვესმის თქვენი, რადგან ისტორიის იმავე გზას გავდივართ. ჩვენ, ორივე ის ქვეყანა ვართ, რომლებიც საერთო საბჭოთა რეგიონის გავლენიდან მოვდივართ და 30 წელია, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ მივისწრაფვით. ასე რომ, მივესალმებით საქართველოს და ბუნებრივად ვუჭერთ მხარს მის ბრძოლას, შეუერთდეს ევროკავშირს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მინდა, ვთქვა ის, რაც ჩემს კოლეგებს ვუთხარი მადრიდის სამიტზე, რომ ევროკავშირს სამხედრო აგრესიაზე მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს – ეს არის პოლიტიკური გაფართოება საქართველოს, მოლდოვისა და, რასაკვირველია, უკრაინის მიმართ. სამივე იმსახურებს სტატუსს და ისინი უნდა დაწინაურდნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის საუკეთესო ანტიდოტი სამხედრო ექსპანსიის წინააღმდეგ“, – განაცხადა დანიელ ლორერმა.