საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას - ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, კანონმდებლობები და სამოქმედო გეგმები ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

როგორც კობახიძე აცხადებს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში „შავ ფულს“ ატრიალებს.

მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა საქართველოში ოლიგარქების პრობლემას გადაწყვეტს. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება, რა თქმა უნდა, გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია მაშინ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს. თუ არ მოსწონთ მათ ეს ცვლილებები, მაშინ მათ საქმე ექნებათ სწორედ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, -განაცხადა კობახიძემ.