უცხოეთი
უკრაინა აშშ-სგან 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინა აშშ-სგან 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობა და მისი შინაარსი აღწერა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის ერთ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და დამატებით საბრძოლო მასალას, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და Javelin და AT-4 სისტემებს მოიცავს.

ასევე, უკრაინა მიიღებს სამ მილიონზე მეტ ვაზნას, დაბრკოლებების გამწმენდ საშუალებებს, ზამთრის აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ და სხვა დამხმარე მოწყობილობებს.

პენტაგონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჭკვიანურ ინვესტიციას წარმოადგენს და მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსება, რათა აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.

interpressnews.ge