სამართალი
კახა კალაძე: 2025 წლამდე ვემსახურები ქალაქს, თბილისელებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მას პრემიერ-მინისტრად, თეა წულუკიანს კი პრეზიდენტად ამზადებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თავად კი დედაქალაქს 2025 წლამდე მოემსახურება.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტები გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატურას, კალაძის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ტყუილი. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს დაუმთავრდება მისი უფლებამოსილების ვადა, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. არაფერი იქნება დამალული“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის.