საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით, ანუ 3.2%-ით და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით, ანუ 4.8%-ით შემცირდა და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით, ანუ 0.6%-ით და 252.2 ათასი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2023 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 43.1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.