პუბლიკაციები
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მედიას მიაწოდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს განცხადება, რომლის თანახმად, ის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. კომპანიის თანახმად, ხიდაშელის გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებს".

„ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.

გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანია აღნიშნავს, 15 ნოემბერს ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”.

დავით ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში თუ არ აინტერესებთ მისი ინვესტიციები, „კარგად იყვნენ უჩემოდ". როგორც მან განმარტა, არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან" არ არის დაახლოებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ [ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი"] ტერიტორიაზე ფიქსირდება.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.