აქტუალური
სომხეთმა საქართველოს გავლით ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. 12 ნოემბერს ფოთის პორტში Acmat-ის წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი შევიდა, რომლებიც სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი.

ფრანგული მედიის Ouest France-ის ცნობით, ტვირთი ერევნისთვის საფრანგეთის სამხედრო დახმარების ნაწილია და თავდაპირველად მისი კიევში გაგზავნა იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ჩათვალეს, რომ ეს 12,5 ტონიანი მანქანა ძალიან ცუდად იყო დაცული საარტილერიო ცეცხლისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან. საფრანგეთმა ასევე გაყიდა Thales Ground Master 200 (GM200) სამი რადარი და ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთთან Mistral-ის მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისთვის.

ამ საკითხის კომენტირებისას, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, არამ ტოროსიანმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ „სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური გზავნილებისა და განცხადებების გარდა, ამ მომენტში რაიმე დამატებით ინფორმაციას ვერ გავამხელთ“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ სამინისტრო კატეგორიულად გმობს საფრანგეთის გადაწყვეტილებას სომხეთისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების თაობაზე. მისი თქმით, ამგვარი ქმედება გააძლიერებს სომხეთის სამხედრო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას და აგრესიულ პოლიტიკას.

ჰაჯიზადემ იმის გამოც გააკრიტიკა საფრანგეთი, რომ ვითომდა ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაცხადებულ მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მცდელობებს. მან საფრანგეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიაში ჩართულობაშიც დაადანაშაულა და რეგიონში საფრანგეთის ინტერესები გააკრიტიკა. პრესსპიკერმა მოუწოდა სომხეთსაც და საფრანგეთსაც შეწყვიტონ მილიტარიზაციის პოლიტიკა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავოს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისა და ამგვარი მიწოდების პირობების შექმნისგან, ქვეყნისთვის, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიული პოლიტიკითა და ქმედებებით, და დაასრულოს და დაგმოს ასეთი უკანონო ქმედებები, რაც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას“, – დასძინა ჰაჯიზადემ.

საკითხის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა: „ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“.