საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურმა ასამბლეამ, რომლის სხდომაც 2023 წლის 13-14 ნოემბერს გაიმართა, მიიღო გადაუდებელი რეზოლუცია სახელწოდებით „ევროპაში მზარდი ავტოკრატიის პირობებში პოლიტპატიმრების მხარდაჭერა“, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხს რუსეთში, ბელარუსში, საქართველოსა და სომხეთში. რეზოლუცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვისა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
EPP შეშფოთებას გამოხატავს პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდის გამო, განსაკუთრებით მათი, ვინც „ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს მიეკუთვნება“.
საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციაში ნათქვამია: „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, იგი მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ უარესდება“. რეზოლუცია „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ EPP მხარს უჭერს რეზოლუციაში ხსენებულ ყველა პოლიტპატიმარს და გმობს ყველა სახის პოლიტიკურ რეპრესიებსა და პატიმრობას.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გააგრძელონ რუსეთსა და ბელორუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი. რეზოლუციაში ხაზგასმულია: „პუტინი და ლუკაშენკა უნდა გაასამართლონ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს“.