სამართალი
ცხინვალის “კგბ”: ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.

ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა”, - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ს განცხადებაში.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის "სახელმწიფო ტელერადიოკომპანია" ავრცელებს კადრებს, სადაც ლევან დოთიაშვილი "ჩვენებას" აძლევს. ე.წ. "დაკითხვა" ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

ლევან დოთიაშვილი უკანონო დაკავებამდე მომხდარზე საუბრობს და ჰყვება, როგორ მივიდნენ ეკლესიაში სანთლების დასანთებად.

„სასაფლაოზე ვსვამდით ექვსი კაცი. ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო წიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანა - სამი წავიდნენ სოფლისკენ. სამი კი წავედით ეკლესიაში, ლომისაში სანთლების ასანთებად: [მე] თამაზ გინტური, თამაზ პაპიტაშვილი. საჭესთან იჯდა თამაზ გინტური. ავედით ეკლესიაში. სანთლები დავანთეთ. კარები იყო დაკეტილი, გავაღეთ ცულით“, - აცხადებს ლევან დოთიაშვილი.

ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.