აქტუალური
რუსი ადვოკატები: აკრძალული მოძრაობის წევრი თბილისიდან გაუჩინარდა და, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება პატიმრობაში

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ადვოკატთა და უფლებადამცველთა საზოგადოებამ „Первый отдел“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка“-ს აქტივისტი, რაფაილ შეპელევი 12 ოქტომბერს თბილისიდან გაუჩინარდა და, სავარაუდოდ, რუსეთში ყავთ დაკავებული ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციით, რაფაილ შეპელევი არის რუსი აქტივისტი, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობებში ისეთი პირების მხარდასაჭერად, როგორიცა ალექსეი ნავალნი, რისთვისაც იგი რამდენჯერმე დააკავეს რუსეთში. „მედუზას“ ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში FSB-მ „Артподготовка“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

რაფაილ შეპელევის პირადი ნივთები თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლში დარჩა. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.

„Первый отдел-ის” ცნობით, 13 ოქტომბერს, მისი გაუჩინარებიდან მეორე დღეს, ვლადიკავკაზის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო „წვრილმან ხულიგნობაში“. მისივე ინფორმაციით, მას თავპირველად სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით.

„Первый отдел“-ი აცხადებს, რომ ადამიანებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება გამოგონილი საბაბით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებამდე, გავრცელებული პრაქტიკაა“.  

„Первый отдел“-ის თქმით, მსგავსი ინციდენტი მოხდა ყირგიზეთში ოქტომბერში, როდესაც რუსი აქტივისტი გაიტაცეს და მოგვიანებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შსს-მ.

ამავე ინფორმაციით, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“, – აცხადებს შსს.