პუბლიკაციები
2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ: საქართველოს საკითხი

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს ევროოკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს იმ პირობით, თუ ის რიგ რეფორმებს განახორციელებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „კომისია მიესალმება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომლის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტია“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და დასძენს, რომ „საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და მმართველი პარტიის მეტი პოზიტიური ჩართულობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „საქართველომ უნდა გაააქტიუროს თავისი ქმედებები, რათა დაუპირისპირდეს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას, ასევე ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას, და გააუმჯობესოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელი“.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მოახლოებულ პერიოდში არჩევნები გაიმართება ჩრდილოეთში მაკედონიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა აღიკვეთოს მესამე სახელმწიფოებისა და არასახელმწიფო აქტორების მიერ ჩარევის ნებისმიერი მცდელობა“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისიდან თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, თუ ქვეყანა რიგ ნაბიჯებს გადადგამს. კერძოდ, ის მოუწოდებს ქვეყანას:

შეებრძოლოს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას, ასევე ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას;

გააუმჯობესოს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;

მოაგვაროს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე;

გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. უზრუნველყოს ძირითადი ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;

დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული განხორციელებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით;

უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ორგანოებს უკავშირდება. შექმნას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილება;

გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული;

გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე, ხოლო ძალადობის ორგანიზატორები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. კონსულტაციები აწარმოოს და ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც საშუალებას მისცემს ამ უკანასკნელს, რომ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და უზრუნველყოფს მათ თავისუფალ გარემოში მუშაობას.

ევროკომისიის მოხსენებაში ასევე საუბარია კომისიის 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში ასახული 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესზე:

საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკის ქმედებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვებში გათვალისწინებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ ახალი სახალხო დამცველი დანიშნა და რომ „პარლამენტში გადაიდგა გარკვეული პროცედურული ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან კონტროლის გასაძლიერებლად“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის აღმოფხვრას და საქართველოს ევროპულ გზას დააჩქარებს.

მიღებულ იქნა ცვლილებები კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ეხება სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და ანგარიშვალდებულებას და საარჩევნო კანონმდებლობას.

სასამართლო რეფორმამ მოიცვა ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა, მოსამართლეების დანიშვნის დასაბუთება, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების მიღება და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა.

საქართველომ ეს კანონმდებლობა და რამდენიმე სხვა ძირითადი სამართლებრივი აქტი, მათ შორის საარჩევნო კოდექსის, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის თაობაზე ვენეციის კომისიას გაუზიარა მოსაზრებისთვის.

გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი პოზიციისთვის შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ჩამოყალიბდეს ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური სისტემა.

მიღებულ იქნა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის საფუძველზე, ხოლო „პერსონალიზებული“ მიდგომა გაუქმდა.

შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. საქართველომ გაზარდა საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.

რაც შეეხება მედია პლურალიზმს, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ ოპოზიციური მედიის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები მიიღო.

მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.

პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს სსო-ების ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში.