სამართალი
შალვა პაპუაშვილი: იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულად არც მოლდოვას და არც უკრაინის შემთხვევაში არ ჩაითვლება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია]“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს.

„[ოპოზიციის მხრიდან] პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ის, რომ შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, უსამართლობა იყო. „შეფასებებთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა, უსამართლობის დღე იყო. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.