სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზე "მაღალი წარმოდგენისაა".

სააკაშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ის საუბრობდა პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე.

"იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.

უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.

სააკაშვილის თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.