საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
„განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული ორი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე ექვს მეგავატამდეა.
ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.