საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედისმომცემია, რომ ვითარება არ გადაიზარდოს რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში.
„დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩრდილოეთიდან უფრო არის საჰაერო თავდასხმები გარკვეულ ხუთკილომეტრიან ზოლზე, ისრაელის და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია 60 ათასზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, რომლებიც განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში, უფრო სამხრეთისკენ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შეხვედრები რეგიონის ლიდერებთან გარკვეული იმედისმომცემია, რათა ეს არ გადაიზარდოს უფრო რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
რაც შეეხება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ლაშა ჟვანიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არის რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას.
„საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში გამოაცხადა შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი. შესაძლებელია, რომ ოფისები იყოს გახსნილი, ასევე სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც ნაკლები მომართვიანობა გვაქვს ცხელ ხაზებზე. ერთი კვირაა უკვე, სტატისტიკა არ მოგვითხოვია, რადგან სამი კვირის განმავლობაში გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს 1 550 მოქალაქე გახლდათ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დატოვეს, მათ შორის არიან ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლის სტატისტიკას ჩვენ ვერ ვითვლით, რადგან ისრაელის პასპორტით ტოვებენ ისრაელს. ვერ გეტყვით, რომ ჩვეულ რეჟიმშია პირდაპირი ფრენები, რადგან მოთხოვნის დაკლებასთან ერთად, შემცირდა ფრენების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულდებოდა რეისები, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო თბილისის მიმართულებით. ამიტომ რაოდენობა დააკლეს კომერციულმა კომპანიებმა, მაგრამ, მოთხოვნისამებრ, ფრენები სრულდება, ასევე, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პირდაპირი რეისები კვიპროსის საშუალებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.