გიგა ბოკერია: „საზოგადოების რელიგიური ნიშნით დაყოფის მცდელობა ქვეყნის ფუნდამენტის შერყევაა“
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დიალოგში“ საუბრისას განაცხადა, „მართლმადიდებლობის ისტორიული როლიც მესმის და ბუნებრივია, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს“. „რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი კონფესია ყველაზე დიდი მრევლით, რომელმაც ისტორიულად ამ საზოგადოების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ეს გამოხატულია იმაშიც, რომ არსებობს საკონსტიტუციო რანგის შეთანხმება. ამის გარდა, ამ რელიგიას ძალიან სპეციფიური უფლებები აქვს და ეს რეგულირება ძალაში რჩება. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის თანამესაკუთრე ყველა მოქალაქეა და რელიგიური ნიშნით საზოგადოების დაყოფის ყველანაირი მცდელობა ქვეყნის ფუნდამენტის შერყევაა“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ „პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ და განცხადებები, თითქოს ხელისუფლებამ რელიგიური კონფესიების შესახებ კანონი ზურგს უკან მიიღო, მიუღებელია“. „ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის ბოლო დღეებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები მორალურად, პრინციპულად, ფუნდამენტურად მიუღებელია. იმედი მაქვს, ასეთი განწყობების გაღრმავების პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა ეს პროცესი გასაკვირი არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიური ნაწილი ამგვარ ვითარებაში პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებშიც გულწრფელი ადამიანებიც არიან, რომლებსაც, სამწუხაროდ, ამ ტიპის კატეგორიული შეხედულებები აქვთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
საქინფორმი