საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს.
„საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შეცვალოთ და, გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი – ბანკებიდან, 400 მილიონი – სათამაშო ბიზნესიდან, ცვლილების შედეგად, ჯამში, 700 მილიონი შემოსავლები გვექნება 2024 წელს.
აქვე, მინდა, გაკვირვება გამოვხატო, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია. ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს და დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება ამოღებული მომდევნო წელს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. ეს იქნება 2024 წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.