საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ განყოფილებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ სამართლიანი არ იქნება არჩევნები, თუ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და იგეგმება თუ არა კანონში ცვლილებები, რათა ოპოზიციას არ ჰქონდეს სალაპარაკო, მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, რომ არის უკრაინის მოქალაქე და მას არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება.
„მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი. ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება. ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური წევრობის, არ დაგავიწყდეთ. ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი, მათ შორის. რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში? მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან კითხვაზე, როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, დაბრუნებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“.