საზოგადოება
მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმის შესახებ, თუ რატომ არ გაიშვება პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქვეყნიდან

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ CBS-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის ევროპაში გასაშვები.

„როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს ევროპაში ქვეყნის ინტეგრაცია, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში. მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა იმის შესახებ, რომ ის ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი და რეალურად ის „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია.

„ჩვენთვის ის აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი, სინამდვილეში ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. თქვენც ნახეთ დღესაც, მისი სატელევიზიო ჩართვის დროს, რა არის მისი სულისკვეთება, რა არის მისი გზავნილები. ევროპაში ის მიდის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ სააგიტაციოდ. როცა ჩადიხარ ევროპაში და შენს კოლეგებს ესაუბრები იმაზე, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გაუშვა ევროპაში, როდესაც შენ გინდა, რომ დღე-დღეზე მიიღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ის არ არის ევროპაში გასაშვები ასეთი გზავნილების ფონზე.

ერთი წელი აქვს ზურაბიშვილს დარჩენილი. ის აღარ არის აქტუალური. ვერც ქვეყანას დააქცევს და საბოლოო ჯამში ის ვერ მოახერხებს, ვერც კანდიდატის სტატუსის მიღების აღკვეთას. ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ადრე ვამბობდით, რომ იყო 50/50-ზე თუმცა შანსები არის თვისებრივად გაუმჯობესებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია და გიორგი გახარია საარჩევნოდ ერთი პარტიის ირგვლივ გაერთიანებას გეგმავენ.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ახალ პარტიასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია, ასეთი გეგმები არსებობს. ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი ცვლილების შეტანა არ შეუძლია პროცესში. ეს პარტიაც განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გამორიცხულია, ასეთმა პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. გახსოვთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, არც ქარიზმა ჰქონდა და უამრავ შეცდომას უშვებდა წინასაარჩევნო განცხადებებში. რა თქმა უნდა, ასეთი ალიანსი წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი გეგმები სადღაც იყოს მოაზრებული, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ შეიძლება ამას მიენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, უპასუხა:

“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.