საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. რაც შეეხება რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ვადებს. აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება არის FIDIC-ის ხელშეკრულების ვადებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული და ამ ხელშეკრულების მუხლებთან აბსოლუტურ შესაბამისობაში. ამიტომ მათ დარღვევაზე საუბარი არის უსაფუძვლო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არსებობს შესაბამისი საერთაშორისო დავების საბჭოს მექანიზმი.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ვადებს არეგულირებს ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულებების შესრულების ყველა ხელშემწყობ ან ხელშემშლელ ფაქტორს.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის დოკუმენტში რიკოთის პროექტის დასრულების ვადები ოპტიმისტურად იყო გათვლილი, ეთანხმებოდა ამ ვადებს და ეს არაერთხელ საჯაროდაც აღუნიშნავს.
მისივე თქმით, FIDIC-ს ხელშეკრულება საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობაა, რომელიც 1913 წელს ჟენევაში დაფუძნებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის მიერ არის შედგენილი და იგი წარმოადგენს პროექტის განხორციელების მთელი პროცესის განუყოფელ ნაწილს. სწორედ ამ ხელშეკრულებით რეგულირდება ყველა შემდგომი ურთიერთობა კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის.