საზოგადოება
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პატრიარქი ილია II პირადად შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის გაუქმებას მოსთხოვს. ამ კანონით კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ. პატრიარქი მოითხოვს, ასევე, რომ საკითხი არა თუ დაიხუროს, არამედ საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს და კანონპროექტის ფორმირებაში მთელმა ერმა მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. წმიდა სინოდის გუშინდელ სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა.
საქინფორმი