საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მორიგი შემაშფოთებელი აქტი“ უწოდა ონლაინ ჟურნალ „ინდიგოს“ მიერ 31 ოქტომბერს დაგეგმილ დისკუსიას სახელწოდებით „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში XX – XXI“.
ღონისძიება დაკავშირებულია ჟურნალ „ინდიგოს“ სპეციალური 200-გვერდიანი გამოცემის გამოქვეყნებასთან. პუბლიკაცია განიხილავს საქართველოში პროტესტის ისტორიას, მის დინამიკასა და განვითარებას ისტორიის, მეხსიერებისა და ხელოვნების კუთხიდან. გამოცემისა და ღონისძიების მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი (Friedrich-Ebert-Stiftung (FES)).
არასამთავრობო ორგანიზაციებისა საქმიანობისა და მათი უცხოელი დონორების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლური დაფინანსებით საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ განხორციელებას გეგმავენ. მისი თქმით, სწორედ ამ აქტორებმა შეუშალეს ხელი 2023 წლის მარტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას, საკუთარი გეგმების უკეთ დამალვის მიზნით.
რაც შეეხება „ინდიგოს“ დისკუსიას კობახიძემ განაცხადა: „სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია – როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება მითუმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ – დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალი სამეცნიერო ხასიათისაა და მასში „თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, დემოკრატიის მშენებლობის გზა, რომელსაც ჩვენი ფონდი დღიდან დაარსებისა უცვლელად ემსახურება უკვე 30 წელია საქართველოში“. ფონდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფონდის პარტნიორები გახლავთ სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, „ვისაც აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ“.
„ფრიდრიხ ებერტის ფონდი გახლავთ გერმანიის უძველესი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონფლიქტების დარეგულირების, სოციალური სამართლიანობის დანერგვისა და დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის მხარდაჭერით, კონსენსუსის, კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის გზით“, – დასძენს ფონდი.
„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: „ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დღეს დილიდან ჩვენს დონორს და ჩვენ გვიკავშირდება რუსთავი 2 და იმედი და ცდილობენ გაარკვიონ რა არის ეს ღონისძიება. დეპუტატებმაც იწინასწარმეტყველეს, ცხადია არასწორად… როგორც ჩვენი სხვა გამოცემები, ეს 200 გვერდიანი ჟურნალიც წარსულის გადახედვის და გამოცდილების გაანალიზების მცდელობაა სწორედ იმისთვის, რომ ახალი პერსპექტივები დავინახოთ. ამიტომ გაგვიხარდება, თუ მოხვალთ, წაიკითხავთ და ერთად შევძლებთ ფიქრს და მსჯელობას“.