აქტუალური
სახელმწიფო 50 დევნილი მაგისტრის სწავლას დააფინანსებს

devnilimagistrebi2011-2012 სასწავლო წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო ქულების მქონე ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება 2250 ლარით დაფინანსდება. პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანად 112 500 ლარია გამოყოფილი. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ბრიფინგი გამართეს.

დაფინანსდება შემდეგი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის (საერთაშორისო სისხლის სამართალი) სპეციალობა.

იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსება აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მათი სტატუსითაა განპირობებული. საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში ისინი, როგორც პროცესების უშუალო მონაწილეები, საუკეთესოდ შეძლებენ კონფლიქტების თემატიკისა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხების ირგვლივ სასამართლო საქმეების წარმართვას.

დაფინანსება შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად მსურველმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაუგვიანეს 2011 წლის 31 ოქტომბრისა.

 

საქინფორმი