საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები გააჟღერა და განაცხადა, რომ ზოგიერთი მათი პროგრამა „ექსტრემიზმსა“ და „პოლარიზაციას“ ახალისებს. მან აშშ-სა და ევროკავშირისგან „განმარტებების გაკეთება“ მოითხოვა იმ ფონზე, როცა მმართველმა პარტიამ და უსაფრთხოების სამსახურმა სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გააძლიერეს.
„უკვე მერამდენე სკანდალია, რომელშიც USAID ეხვევა და ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში“.
ამ კონტექსტში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ USAID-ის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი, ერეოდა თუ არა ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებში, თუმცა „ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც დადასტურება არის, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID ერეოდა არჩევნებში იმით, რომ მისი დაფინანსებული ორგანიზაცია [ISFED] ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისა, ხოლო თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას”.
შემდეგ პაპუაშვილი ორ თემას შეეხო, რომელსაც მმართველ პარტიასთან აფილირებული მედია აქტიურად აშუქებს – ე.წ. ტრენინგის საქმე, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები უსაფრთხოების სამსახურის მიერ იკითხებიან მშვიდობიანი წინააღმდეგობის თემაზე ტრენინგში მონაწილეობისთვის, და მეორე თემა ეხება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დაკისრებული ჯარიმების გადახდას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ, ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს… ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით, გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს“. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის საქართველოს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს, „ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაციის EED-ის მეშვეობით, საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში“.
იმავე კონტექსტში, მან მოძრაობა „დროაც“ ახსენა, რომელიც, მისი თქმით, არის „არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა“. პაპუაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციამ გადაიხადა „პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო“. „ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის“, – დასძინა მან.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე განმარტებების მიღება ევროკავშირის მხრიდანაც, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან. „ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ფიქრობს, რომ არის სწორი. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ცენტი დახარჯული საქართველოში არის ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.