საზოგადოება
„3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეები: პლატფორმა ღიაა საქართველოსთვის

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის დასკვნით განცხადებაში.

„დადებითად შეაფასეს რა შეხვედრის შედეგები, მისმა მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეხვედრის მონაწილეებმა ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.

„აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.