სამართალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ახალი ცვლილებები შეაფასა და დაასკვნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის დამატებითი ძალაუფლების გადაცემა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებაში ჩარევისა და მათი დასჯის მომეტებულ რისკს ქმნის.

საქართველოს პარლამენტმა 19 ოქტომბერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიიღო, რომლითაც კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება. ცვლილება შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. ახალი ცვლილებები „მნიშვნელოვნად ზრდის მარეგულირებელ კომისიაზე გადაცემული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სამართლებრივი დეტალები

„მაუწყებლობის შესახებ კანონის“ წინა ვერსიის თანახმად, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. ამასთან, დაუშვებელია, თვითრეგულირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.

კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების შედეგად, დაინტერესებულ პირს შეეძლება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება, რითიც მნიშვნელოვნად იზრდება კომისიის უფლებები.

საყურადღებოა ასევე უხამსობის ახლებური რეგულირების ფორმა, რომელზე კონტროლიც, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, უშუალოდ კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ექცევა.

ორგანიზაციის თქმით, შეცვლილი კანონმდებლობით, „მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების შეფასება კომისიის უფლებამოსილებად განისაზღვრა“.

„ამდენად, შეცვლილი კანონმდებლობით, სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის შემცველი პროგრამის გაშუქების შესახებ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების შეფასება კომისიის უფლებამოსილებად განისაზღვრა. შესაბამისად, კანონში შესული ცვლილებებით თვითრეგულირების მექანიზმს ჩამოერთვა ამ საკითხების განხილვისა და შეფასების ექსკლუზიური მანდატი, რითაც არსებითად გაიზარდა კომისიის დისკრეცია, ამდენად, კანონში შეტანილი ცვლილებების ფონზე, მარეგულირებელი კომისია კიდევ უფრო მარტივად შეძლებს, თავისი ხედვით აკონტროლოს მედიასაშუალებები და კონკრეტულ შემთხვევებში სანქციების მექანიზმიც გამოიყენოს“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ევროპის საბჭოს კრიტიკული ანალიზი

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურმა დირექტორატმა, „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანამდე, არსებული კანონის კრიტიკული ანალიზი წარადგინა. ანალიზში ნათქვამია, რომ „მაუწყებლის შესახებ კანონის მთელი რიგი განმარტებები ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამება. ასევე, ზოგიერთი დებულებები, სავარაუდოდ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაზრდილი დისკრეციის ფარგლებში კი, განსაკუთრებთ საყურადღებოა, მისი დამოუკიდებლობის საკითხი. აუდიო ვიზუალური და მედია სერვისების შესახებ ევროკავშირის 2010/13/EU დირექტივითა და ევროსაბჭოს სტანდარტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების თანახმად, კანონმა ეროვნული მაკონტროლებელი ორგანოს დამოუკიდებლობა იმგვარად უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პროცესებს მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნდეს.

კანონის ჩანაწერი კომისიის წევრების არჩევის წესის შესახებ არ არის გამჭვირვალე. იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო მანდატის უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელშია, ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრი, წარდგენილი და შემდეგ შერჩეულია მმართველი პარტიის მიერ, რაც ეჭვქვეშ აყენებს, ორგანოს მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლობის საკითხს, აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

„სიძულვილის ენისა“ და „უხამსობის“ დეფინიციის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ 2010/13/EU დირექტივა მიზანშეწონილად მიიჩნევს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ თანარეგულირების ან საკანონმდებლო რეგულირების გზით ბრძოლას, მნიშვნელოვანია სიძულვილის ენის შინაარსის მკაფიო განმარტება, პოლიტიკური ზეწოლის რისკების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნავს ორგანიზაცია. მისივე თქმით, „ევროსაბჭოს თქმით, ექსპერტული მოსაზრებების მოსამზადებლად ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით, საქართველოში ტერმინი „სიძულვილის ენა“ ფართოდ გამოიყენება, კრიტიკული ან შეურაცხმყოფელი კომენტარების აღსანიშნად“.

გარდა ამისა, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტი (OHCHR), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და ECRI აღნიშნავენ, რომ კანონის ჩანაწერის განჭვრეტადობა უმნიშვნელოვანესია, იმისათვის იგი, როგორც რეპრესიული ღონისძიება, ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად არ იქნას გამოყენებული.

„სიძულვილის შემცველი განცხადებები, ტიპურად მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ ნიშან-თვისებებს ეფუძნება ან პიროვნული მახასიათებელი გააჩნია. წინააღდეგ შემთხვევაში განცხადება შეიძლება არღვევდეს კანონის ან ქცევის კოდექსის სხვა მუხლს, თუმცა სიძულვილის ენად არ უნდა ჩაითვალოს“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ კრიტიკული კომენტარები და საკამათო შეხედულებების გამომხატველი განცხადებები არ არის სიძულვილის ენა“.

ტერმინის „უხამსობა“ დეფინიცია და გამოყენება ასევე პრობლემურია. ევროპის საბჭოს თქმით, „უხამსი პროგრამები არ უნდა აიკრძალოს, არამედ მათი ჩვენება მხოლოდ იმ დროს უნდა დაიშვას, როდესაც, სავარაუდოდ, ბავშვები ვერ ნახავენ“. შესაბამისად, „ახალი ცვლილებები, რომელიც საშუალებას აძლევს მარეგულირებელ კომისიას თვითნებურად დაარეგულიროს „უხამსი პროგრამებისა და რეკლამების გაშუქება“ პრობლემურია“, – ნათქვამია შეფასებაში.

დასკვნა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 19 ოქტომბერს „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, რაც განსაკუთრებულად აფართოებს ეროვნული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს ჩაერიოს მაუწყებლების პროგრამების შინაარსში, საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის დაწესების საფრთხეს ზრდის. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში პრობლემური ცვლილებები იმდენად ნაჩქარევად მიიღო, რომ სამოქალქო საზოგადოებასთან ამ საკითხზე დაწყებული კონსულტირების პროცესი არც კი დაასრულა.

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი, საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული აღნიშნული ცვლილებები, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ასევე ნაჩქარებად გატარებულ ცვლილებებთან ერთად, რომელიც შეკრებების დროს პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის, ქვეყანაში დემოკრატიულ და პლურალისტურ გარემოს მკვეთრად შეზღუდავს, აცხადებს ორგანიზაცია.

„ეს ცვლილებები შეუსაბამობაში მოდის როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უფლებრივ სტანდარტებთან, ისე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეროვნულ ინტერესებთან და სულისკვეთებასთან“, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე „გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის მკვეთრად დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება მისი უფლებრივი და სოციალური კრიტიკის მიღმა, (გეო)პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტიკასაც ვერ უძლებს და საგანგაშოა“.

მანამდე, სადავო ცვლილებები ასევე გააკრიტიკა მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) და საქართველოს პარლამენტს კანონის უკან გაწვევისა და კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.