საზოგადოება
თელავის წყალმომარაგებაში ეპიდემიის გავრცელების სერიოზული ნიშნებია

ckali3„თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თელავის სასმელი წყლით მომარაგებაში სერიოზული ხარვეზებია. ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით იზრდება ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი. ამ რისკის მატარებელი სწორედ ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტორი – წყალმომარაგების სისტემის დაუცველობაა. თელავის ზოგიერთ უბანში სასმელი წყლით მომარაგება კვირაში ორი დღით შემოიფარგლება, ისიც, ორი საათით.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“კახეთის რეგიონულ ორგანიზაციას მოგვმართა წყალმომარაგების თელავის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა (კონფიდენციალობის დაცვის თხოვნით), რომელთა განცხადებით, თელავის წყლის ავზი, რომელიც თელავისთვის წყლის რეზერვუარსაც წარმოადგენს, საგანგაშო მდგომარეობაშია. წყლის ავზი ამორტიზებულია, ჰერმეტულობა არ არის დაცული, მისი მდგომარეობა არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს. სასმელის წყლის რეზერვუარში თავისუფლადაა შესაძლებელი მოხვდნენ როგორც მღრღნელები, ისე ქვეწარმავლები, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ქალაქში ეპიდემიის გავრცელების სერიოზულ საშიშროებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და პრობლემის ზუსტი შესწავლის მიზნით სპეციალისტებს მიმართეს. „ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას, რაც ნამდვილად საგანგაშოა – წყლის საცავს არ გააჩნია გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვითი საშუალება, წვიმის შემთხვევაში საცავში ჩაედინება ნარეცხი წყლები. მისი დაუცველობიდან გამომდინარე ქვეწარმავლების და მღრნელების მოხვედრა სასმელი წყლის ავზში დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მივმართეთ ადგილობრივ სამსახურს პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრის მიზნით, თუმცა, სამწუხაროდ პრობლემა პრობლემად რჩება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია მიმართავს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ განახორციელონ სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოები, უზრუნველყონ სასმელი წყლის ჰერმეტულობა, რათა დაცული იქნეს სანიტარიული ნორმების მინიმუმი მაინც.

„ჩვენი მიმართვა არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ნიშნისმოგებას, ესაა ფრიად საშიში და სახიფათო შემთხვევა, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს უმძიმესი გართულებები ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები, მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქინფორმი