პოლიტიკა
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში

jenevaa„ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, სადაც მხარეებმა მომდევნო შეხვედრა თვის ბოლოსთვის დაგეგმეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

ორშაბათს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კალანდაძემ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოლაპარაკება „ეხებოდა სწორედ გაწევრების საკითხებს, მის გარშემო არსებულ ვითარებას... და ამჯერად მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოლაპარაკებებში ჩართული ჰყავდათ საბაჟო ექსპერტებიც“.

„დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გაცნობებთ, რომ მოლაპარაკება შედგა იმდენად, რამდენადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლოს გაგრძელდება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი“, – განაცხადა მან.

2011 წლის მარტიდან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთმა და საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. მესამე შეხვედრა ივნისის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა შუამავლის თხოვნით „ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო.

9-10 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე, კალანდაძის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენდნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის „მინიმალური ფასი“ იქნება, თუ ის დათანხმდება თბილისის მოთხოვნას სეპარატისტულ რეგიონებთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას.

 

საქინფორმი