საზოგადოება
დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია ამჯერად პარლამენტთან გაიმართება

fotografebi4როგორც გუშინ შს სამინისტროსთან გამართულ აქციაზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განმარტა, აქცია პარლამენტთან დღეს – 19:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

„ამჯერად აქცია გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება და მასში არა მხოლოდ მედიის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები – ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინათ დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

 

საქინფორმი