საზოგადოება
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 221 პირია აღრიცხული - ამავე პერიოდში, საქართველოდან სხვა ქვეყნის 52 მოქალაქე გააძევეს

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 221 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი - 50 ადამიანი ირანის მოქალაქეა, 34 თურქეთის, 28 უკრაინის, 19 კი რუსეთის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე, ეგვიპტის, უზბეკეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და იორდანიის მოქალაქეებიც.

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, აღნიშნულ სამ თვეში, ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 32-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 20 პირი უკრაინის მოქალაქეა, 6 სირიის, 4 ავღანეთის, 1 ერიტრიის, ხოლო 1 დაუდგენელი მოქალაქეობის. ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს მიენიჭა, მათგან 3 ირანის, 1 თურქეთის, 1 სირიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 22 თურქეთის მოქალაქეა; 20 ირანის, 6 ეგვიპტის, 5 პაკისტანის, 5 რუსეთის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 52 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ირანის 10 მოქალაქე; ინდოეთის 6; პაკისტანის 5; რუსეთის 5; აზერბაიჯანის 4.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 24 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის - 5; პაკისტანის 5; ლიბიის 4; თურქეთის 2; ინდოეთის 2.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.