პოლიტიკა
ეს დაპირება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა კოალიციის („კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“) წარმომადგენლებს მისცა, რომელთაც დახურულ შეხვედრაზე ელჩს ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.
კოალიციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და მიაჩნიათ, რომ საფრთხე სხვა ჟურნალისტებსაც ემუქრებათ. მათ ყურადღება შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილის განცხადებაზეც გაამახვილეს, რომლის მტკიცებით, „ზურაბ ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია და ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესიც „საიდუმლო“ გრიფით ჩაივლის, რადგან ის სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება“. ეთიკის საბჭოს წევრების განცხადებით, უტიაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და, ამასთან, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ჰქონდა.ევროკავშირის ელჩი კოალიციის წევრებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ფოტორეპორტიორების საქმეს განიხილავს.
კოალიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოშ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯონ ბასს შეხვდებიან. მათი თქმით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, ასევე, შეხვედრის სურვილი აქვს გერმანიის ელჩს საქართველოში.
საქინფორმი