საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისევე, როგორც დანარჩენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „პრეზიდენტს, სულ მცირე პასუხისმგებლობა ეკისრება, კულტურის თვალსაზრისით სხვა ადამიანებისთვის მაგალითის მიმცემი იყოს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი, ასეთ კულტურას აჩვენებს სხვებს, იქ საერთოდ რაზეა საუბარი. როდესაც ის გაურბის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის კულტურა, რომლის გამოვლენაც მართებს საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვისას.

მისივე შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი გაექცა კითხვებს.

„ეს კითხვები იურიდიულ თემებს ეხებოდათ, მაგრამ ასევე ისეთ საკითხებს ეხებოდა, რომლებიც საგანგებო ეროვნული მნიშვნელობისაა. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მამუკა მდინარაძის კითხვა ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდებოდა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს კითხვაზე - საქართველო არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? როდესაც სალომე ზურაბიშვილი გაურბის ამ შეკითხვას, ეს ხომ არის ლუსტრაცია?! ეს ხომ არის იმის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევე როგორც დანარჩენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია გარდა იმის აღიარებისა, რომ სალომე ზურაბიშვილი, დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს შეკითხვაზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

„გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ, ჯაშუშად, აგენტად იმ განცხადების გამო, რომელიც უკავშირდებოდა 2008 წლის ომის დაწყებას. მან თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ იგივე ჰქონდა ზუსტად ხელმოწერილი, მათ სალომე ზურაბიშვილი აგენტად და ჯაშუშად გამოაცხადეს. ეს ხომ რელევანტური კითხვაა, რომელსაც პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. მაშინ რასაც ამბობდა ის არ იყო მართალი თუ დღეს აქვს განსხვავებული პოზიცია? ხომ უნდა დაკონკრეტდეს. სინამდვილეში პირველი თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის სწორედ მაშინ მოხდა. ისინი მაშინ ორივე ერთად ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და შემდგომ, ბუნებრივია, ეს ალიანსი გაღრმავდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.