სამართალი
სოფო ჯაფარიძე: 19 ოქტომბერს 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით ჭორვილისკენ

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც ბიძინა ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

„მეგობრებო, დროა, გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშილის პოლიტიკური ინსტრუმენტები არამედ, თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები რუსებით ჩაანაცვლოს და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, რამდენი ჩვენი მოქალაქე მიდის ემიგრაციაში და რამდენი რუსი სახლდება ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების ან პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია.

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენ ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან. დღეს არ არის დაყოფის დრო. ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.